არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფომ პრევენციული ზომები უნდა გამოიყენოს და აღკვეთოს აქტივობები, რომლებმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს

პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარვე უნდა მოხდეს პრევენცია იმ აქტივობის, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა და დაპირისპირება გამოიწვიოს. “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა, ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს წინასწარ. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის, თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომლებმაც შეიძლება, ძალადობა გამოიწვიოს.

​პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარვე უნდა მოხდეს პრევენცია იმ აქტივობის, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობა და დაპირისპირება. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში იმ ჯგუფების მიმართ, ვინც პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობისა და ესკალაციის, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები. გააგრძელონ პროტესტი რამდენ ხანსაც სურთ, ჩვენ, პოლიტიკოსები ვაგრძელებთ კონსულტაციებს, დიალოგს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება“ ,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები