ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, EUROCONTROL-სა და საქართველოს შორის სპეციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალურმა დირექტორმა, იმონ ბრენანმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის დირექტორმა, ლევან კარანაძემ სპეციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ორგანიზაციის მიერ საქართველოს ხელშეწყობას ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის და სამოქალაქო-სამხედრო საავიაციო სისტემის მდგრად განვითარებას ითვალისწინებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ეროვნული საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პოლიტიკის და არსებული სისტემის ფუქნციონირების ეფექტიანობის ანალიზი განხორციელდება, რომლის საფუძველზეც თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება. შეთანხმების ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს მიერ, აუდიტების ფარგლებში მიღებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას და მათ შემდგომ გაუმჯობესებას, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდას გაზრდილი ნაკადების ფონზე, მაღალი ხარისხის კოორდინაციის მიღწევას სამოქალაქო-სამხედრო ავიაციას შორის, ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR) პროგრამაში ინტეგრირებას და სხვა.
შეთანხმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების და მიზნების შესრულებას საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შპს “საქაერონავიგაცია” არიან.
ცნობისათვის, საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა. გასულ წლებში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების, ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის კანონმდებლობასთან დაახლოვების, სპეციალისტების მომზადების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.