პროკურორი: 2008 წლიდან 2019 წლამდე ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 74 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

2008 წლიდან 2019 წლამდე ან 2018 წლამდე ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დეკლარირებული შემოსავლის სახით, მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი, მიიღეს 74 მილიონი ლარის შემოსავალი, – ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

გიორგი მიქავას თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოცემული პერიოდისთვის, როგორც ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თუ ჰქონდათ დაახლოებით 6% აქციისა, შემდგომში გაუხდათ 35-36% აქციები, როგორც ფიზიკურ პირებს “თიბისი ბანკში”.

„თუმცა, ამაზე როდესაც ჩვენ ვეკითხებით ბრალდებულებს, პასუხი არ აქვთ. გარდა ამისა, როდესაც ისინი უტრირებენ და სპეკულირებენ 2008 წლის ომის თემით, რომ მათ ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის გადახდა, ამავე დროს საქმეში არსებული მტკიცებულებით, ასევე, უდაოდ დასტურდება, რომ 2008 წლიდან 2019 წლამდე ან 2018 წლამდე მათ, კერძოდ, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ხაზგასმით ავღნიშნავ, დეკლარირებული შემოსავლის სახით, მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი, მიიღეს 74 მილიონი ლარის შემოსავალი, რითაც დასტურდება, რომ მათ არათუ ვერ გადაიხადეს, არ გადაიხადეს აღნიშნული თანხები და აღნიშნულით პირდაპირ დასტურდება და ამით დგინდება აღნიშნული დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის მოტივი, ანგარებითი მოტივი, მათი მიზანი და შემდგომში, მთელი რიგი ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს, რომელიც ადასტურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბრალდების დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერანაირი, ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი სხვა პოზიცია ვერ მოისმინა, რომელიც უარყოფდა ან გააბათილებდა ბრალდების მხარის და აღნიშნული ბრალდების ძირითად საკითხებს.

“ეს მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის კუთვნილი თანხების (საუბარია 16 მილიონ 664 ათასი დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე) მოტყუებით და შემდგომში აღნიშნული ფულადი თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს. აღნიშნულმა პირებმა თანხა გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომელთაც მათ ერთი წლით ადრე, ერთი წლის წინ, 2007 წელს გაიზარდეს აქტივები “თიბისი ბანკში”, – განაცხადა პროკურორმა.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები