ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ქვეყნის ინტერესებს
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ჩიხში არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი გამოყვანა “ქართული ოცნების” ინტერესი არ არის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „კვირის თემაში” სტუმრობისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე, სადაც ოპოციზიამ დააყენა საკითხი, რომ მმართველმა გუნდმა შესთავაზოს მათ რაიმე წინადადება ამ ჩიხიდან გამოსასვლელად.
“რა თქმა უნდა, ეს სურათი, რაც არის დღეს ჩამოყალიბებული, თუნდაც იმ 200 “ნაციონალის” პროტესტი და სხვა, ჩვენ ეს არ მოგვწონს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ასეთი ორასკაციანი აქციებიც არ ყოფილიყო თბილისში. გახსოვთ, რა მოხდა ივნისის ბოლოს, იყო მოცემულობა, როდესაც ოპოზიცია იჭრებოდა პარლამენტის შენობაში, აშკარად ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იყო სახეზე. ამაზე ხელისუფლების რეაგირება იყო, რომ გამოვედით და პროპორციული სისტემა შევთავაზეთ მათ. ეს არის მიდგომა, ეს არის კავკასიური ცარცის წრის სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება” დადგა სწორედ დედის როლში, როდესაც სცადა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა არ ტკენოდა ბავშვს, ქვეყანაზეა ამ შემთხვევაში საუბარი, ეს გახდა იმის მიზეზი რატომაც გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე პროპორციული სისტემის ინიციატივით, ამაზე პასუხი ის იყო, რომ სამი თვე დარჩნენ ქუჩაში ოპოზიციის წარმომადგენლები და ხელს ტკენდნენ ბავშვს. ეს არის მათი სახე, ამით გამოჩნდა, რომ მათ არ უყვართ ქვეყანა, რაც ჩვენგან რადიკალურად განსხვავდება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე „ქართული ოცნების” მხრიდან პირობის არშესრულებაზე მან განაცხადა, რომ პირველ რიგში ეს მძიმე და მტკივნეული იყო „ქართული ოცნებისთვის”, იმიტომ, რომ ეს იყო საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომელიც ვერ შესრულდა.
“თუმცა რაც შეეხება იმ ვითარების შეფასებას, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება აუცილებლად სამართლიან, დემოკრატიულ, თავისუფალ პირობებში და ეს არის ერთ-ერთი მიღწევა „ქართული ოცნების”, ყველანაირი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ არჩევნებს ჩვენ შევხვდეთ ნორმალურ ვითარებაში, ყოველგვარი დესტრუქციის გარეშე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიმდინარე აქციებთან, კერძოდ ქუთაისის საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“რაც შეეხება ჩვენს რესურსს, ჩვენ უბრალოდ რბილად ვმოქმედებთ ამ შემთხვევაში. აქაც „კავკასიური ცარცის წრის” ამბავია, რბილად ვმოქმედებთ, გვინდა, რომ მინიმალურ დონეზეც არ მოხდეს ვითარების გამწვავება. საერთოდ გამოვრიცხავ რაიმე ტიპის მძიმე ძალადობას, ჩვენი რესურსი მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულ ოცნებას” მხარს უმაგრებს ხალხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.