საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ “გერმანული მოდელის” ე.წ. მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი იდეალური არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა მნიშვნელოვანია.
„არსებობს ვარიანტები და ჩვენ ერთ-ერთი ვარიანტი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას, რომ მცირედი ცვლილება მოხდეს და გავიტანოთ ახალი სახით იგივე კანონპროექტი. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია და ვნახოთ, ეს პოლიტიკური ნება გარდატყდება თუ არა დღეს ამ შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება წარმოდგენილ ვარიანტს, გერმანულის ე.წ. მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი, ამ ეტაპზე, ეს არის კონსენსუსის საგანი. ესეც არ არის იდეალური, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და ჩვენ ამ გერმანული ვარიანტის ქართულ მოდელს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ესეც გამოსავალია, დანარჩენს ვნახავთ“, – განაცხადა ინაშვილმა.