ირაკლი კობახიძე:ოპოზიციას მყარ არგუმენტებს წარვუდგენთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება “გერმანული მოდელი” ჩვენს კონსტიტუციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას მყარ არგუმენტებს წარუდგენენ თუ რატომ ეწინააღმდეგება “გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას. მისივე განცხადებით, ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია.
„გვექნება განხილვა იმ პროცესების, რომელიც საქართველოში წარიმართება. გვექნება საუბარი ოპოზიციის კონკრეტულ შემოთავაზებებზე, რომელიც არის თავსებადი კონსტიტუციასთან, არის ზოგადად, რაციონალური ყველა თვალსაზრისით. შეგვიძლია, განვიხილოთ. შევხედოთ, კონსტიტუციასთან თავსებადობა-რაციონალურობა იქნება კრიტერიუმი ამ შემთხვევაში.
არის შემოთავაზებული “გერმანული მოდელი” რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი და მკაფიო პოზიცია, სამართლებრივი პოზიცია პირველ რიგში. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგება „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ დავარწმუნოთ კოლეგები ამაში.
​როცა ვამბობთ „გერმანულ მოდელს“, ვგულისხმობთ იმ ვარიანტს, რომელიც არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ეს ვარიანტი, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მარტივი არგუმენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით.
​ჩვენ განვაცხადეთ გუშინაც, რომ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი, რომ შემდგარიყო შეხვედრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულ შემოთავაზებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი.
​ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელ შეხვედრაზე, აქ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს სამართლებრივ არგუმენტებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები