ვაჟა სირაძე: შსს-მ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ჯებირები უსაფრთხოების მიზნით დადგა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით “შინაგან საქმეთა სამინისტრომ” საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ჯებირები უსაფრთხოების მიზნით დადგა.
მისი განმარტებით, რკინის ბარიკადებს საპროტესტო აქციების დასრულებისთანავე აიღებენ. “ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო იმის გამო, რომ თავიდან აერიდებინათ ყველა შესაძლო ინციდენტი. პოლიციური ძალები განლაგებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან როგორც ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, კვლავ აპირებდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას. დასრულდება თუ არა აქცია, შესაბამისად მოვხსნით ბარიკადებს. ჭიჭინაძის ქუჩიდან არის თავისუფალი ასასვლელი და შეუძლია სწორედ ამ გზით ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ. უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა რკინის კონსტრუქციები. ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად”, – აღნიშნა სირაძემ.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც განაგრძობენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას. აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები