დავით ზალკალიანი: მოწმეები ვართ, როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებს, გერმანიის სწრაფვა გაერთიანებისკენ ჩვეთვის შთაგონების წყაროა

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ყოველდღიურად, ჩვენ მოწმეები ვართ, თუ როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებსა და მათ საკუთრებას, გერმანელი ხალხის დაუღალავი სწრაფვა გაერთიანებისკენ, ჩვენთვის შთაგონების წყაროა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მინისტრმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ მიულოცა ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლის იუბილე და ხაზი გაუსვა ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობას, როგორც გერმანიისთვის, ასევე მტელი ცივილური სამყაროსთვის.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო გერმანელ ხალხს და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავი. ეს ისტორიული მოვლენა მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა, რამაც საგრძნობლად შეარყია საბჭოთა კავშირი და ბოროტების იმპერია. საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესებში და ჩემს კოლეგასთან შეხვედრაზე, ხაზი გავუსვით იმ საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს, რომელსაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება“, -განაცხადა მინისტრმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზეც ისაუბრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანია. იქ ადგილი აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. მავთულხლართების გაბმა ოცდამეერთე საუკუნეში არის მიუღებელი და მაშინ როდესაც ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ქართველი ექიმი, რომელიც უკანონო ტყვეობაში გახლავთ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ჩვენ უშედეგოდ ვცდილობთ მის გამოხსნას და აქაც ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული მხარდაჭერა და მკაფიო შეფასება აღნიშნული სიტუაციის“, – განაცხადა მინისტრმა.

მან საკუთარ გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და მტკიცე პოზიციის მნისვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები