იუსტიციის სამინისტრო: შვედეთი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას გეგმავს
ვიცე-პრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ლარს ვესტბრატს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საემიგრაციო პოლიტიკა განიხილეს. შვედი სახელმწიფო მინისტრისგან გამოითქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ შვედეთში თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების რიცხვი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს.
იუსტიციის ამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სტუმარს ინფორმაცია იმ ღონისძიებების თაობაზე გაუზიარა, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად ტარდება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და მისი მომავალი თაობებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას. იუსტიციის მინისტრი, ასევე, მიესალმა შვედეთის მზაობას, დაიწყოს მუშაობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მიზნით.
უწყების ცნობით, შვედეთში თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რაოდენობამ 2017 წლიდან, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მოიმატა, თუმცა, ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებენ. სწორედ ამიტომ საქართველო შვედეთთან საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ორმა ქვეყანამ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მრავალი რეფორმისა და გატარებული ღონისძიების შედეგად; შვედეთის სახელმწიფო მდივნისგან კი მოვისმინეთ ის სიახლეები, რომელთაც თავად შვედეთი ატარებს თავის ქვეყანაში, რათა გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა და სხვა წესები იმისთვის, რომ ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ კანონს არღვევენ, იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში რაც შეიძლება მალე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენი მოქალაქეები უკან მივიღოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს − გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ დაბრუნების და რეადმისიის კუთხით შვედეთთან თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია.
შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ლარს ვესტბრატი, საქართველოს 26 ნოემბერს დატოვებს.