მამუკა მდინარაძე: ისინი ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართალდამცველების პოზიცია ლეგიტიმურია.

​მან საზოგადოებას კანონის დაცვისაკენ მოუწოდა.
“მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. გარეთ “კმარას” მეთოდებით რომ მოქმედებ, პირადი ინტერესი გამოძრავებს. როცა საუბრობენ იმაზე რომ შეშა და კასრი არ შეატანინეს, ისინი ცდილობენ პარლამენტის ბლოკირებას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. სამართალდამცველები ახდენენ ამ ყველაფრის პრევენციას და კანონის აღსრულებას. ამ სიტუაციაში ლეგიტიმურია სამართალდამცველების პოზიცია და ვასრულებთ კანონს. ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველამ დაიცვას კანონი”, – განაცხადა მდინარაძემ.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეს გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი. ​პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები