დაჩი ბერაია: დღეს მე კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში
მე ვიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და დღეს მე კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, ვიდრე მაშინ როცა მხარს არ ვუჭერდი, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლა კანონის ფარგლებში მოხდა.
“ერთი მხრივ მიმდინარეობს აქცია, სადაც დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამასთანავე ძალიან მალე დაიწყება სესია საპარლამენტო დარბაზში. ეს ნიშნავს, რომ დაბალანსებულია ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებები და პარლამენტის ფუნქციონირების აუცილებლობაც. ეს არის სწორედ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯის შედეგი. აქციის დაშლა კანონმდებლობის ფარგლებში მოხდა. ეს იყო იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საპარლამენტო საქმიანობა საპარლამენტო რესპუბლიკაში.
მე ვიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და დღეს მე კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, ვიდრე მაშინ როცა მხარს არ ვუჭერდი. იმ განვითარებული მოვლენების ფონზე, იმ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების ქმედებების შემდეგ და ანალიზის ჩატარების შემდეგ, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ საქართველოში მე დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს გადაწყვეტილება იყო დიდი რისკი, რომ საქართველო შეიძლება შესულიყო სახელისუფლებო კრიზისში არჩევნების შემდეგ”,- განმარტა ბერაიამ.
დეპუტატმა დაჩი ბერაიამ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა.
მმართველი გუნდი პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა გამთენიისას კიდევ ერთხელ დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე აქცია და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.