პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს, მსოფლიო მედია ეხმაურება.

Deutche Welle წერს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაშალეს, რომლებმაც პარლამენტის ყველა შესასვლელი დაბლოკეს. პოლიციამ დაშლამდე შეკრებილებს მოუწოდა შეწყვიტონ შესასვლელების ბლოკირება და დარბევასთან დაკავშირებით მომიტინგეები გააფრთხილა. გამოცემა წერს, რომ 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოსთან 2-3 ათასი ადამიანი შეიკრიბა, მათი უმრავლესობა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრე იყო. აქციის მონაწილეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით ითხოვენ. მანამდე 20-მდე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა “რესპუბლიკის მოედნიდან” პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყო, დღის საათებში კი, მათ ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის ელჩებთან გამართეს შეხვედრა. DW ასევე წერს, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება ჩააგდო, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

Euronews იტყობინება, რომ ათასობით ადამიანმა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მანამდე, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აქციების და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდეს, საკითხი არ განიხილება და 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. აქციის მონაწილეები დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის ჩაშლას გეგმავენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პოლიცია ვალდებულია სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირება არ დაუშვას.

CNNTurk აღნიშნავს, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა დემონსტრანტები დაშალეს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოდიან, რომელმაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. შეკრებილებს დღეს ჩანიშნული პლენარული სხდომის ჩაშლა სურთ, თუმცა პოლიციამ ისინი პარლამენტის შესასვლელებს მოარიდა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მოხსნეს, მათ აქცია გააგრძელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები