პარლამენტთან კონტროლი გამკაცრებულია – საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ნაწილი უკვე მივიდა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი გამკაცრებულია და გადაადგილება შეზღუდულია. ამის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, თამაზ ნავერიანი, ნინო წილოსანი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი. პარლამენტში იმყოფებიან ირაკლი(დაჩი) ბერაია და მერაბ ქვარაია.
პარლამენტის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულები. ისინი იმყოფებიან როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე.
ამასთან, აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელებთან მისვლა სურთ, ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
ჟურნალისტებს აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება საშვებით უწევთ.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. შესასვლელები სპეცრაზმმა წყლის ჭავლის დახმარებით გამთენიისას გახსნა და აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პარლამენტის პიკეტირებას დღესაც შეეცდებიან და 12 საათზე ჩანიშნული პლენარული სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.