დიზელის საწვავის ბაზარი საქართველოში მონოპოლიზაციას გადაურჩა – აზერბაიჯანულ დიზელს 2021 წლამდე მწვანე შუქი აენთო
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.
ევრო 5-ის სტანდარტზე გადასვლის აუცილებლობას მთავრობა ეკოლოგიურ ფაქტორებით ხსნიდა, თუმცა მთავრობის ამ გეგმას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა.
მათი თქმით, ამ ახალი სტანდარტის ამოქმედების შემთხვევაში აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის შემოტანა ვეღარ მოხერხდებოდა და ამის გაკეთება მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. სპეციალისტების შეფასებით, ამ შემთხვევაში დიზელის ბაზარის სრული მონიპოლიზაცია ფაქტობრივად გარდაუვალია და მას მთლიანად რუსეთი გააკონტროლებს.
„ევრო 5“ სტანდარტის გადავადების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიც. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, მთავრობამ აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და ბაზარზე სტატუს კვო შეინარჩუნება მოახერხა. მთვრალაშვილის განმარტებით,იმის გამო რომ აზერბაიჯანი „ევრო 5“-ის სტანდარტის დიზელის საწვავს არ აწარმოებს მას მთლიანად რუსული პროდუქცია ჩაანაცვლებდა, გარდა ამისა ადგილობრივ მომხმარებელს შედარებით იაფ საწვავზე წვდომაც შეეზღუდებოდა.
როგორც მთვრალაშვილი აცხადებს, აზერბაიჯანული დიზელის საწვავი ხარისხით მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება „ ევრო 5“-ის სტანდარტს.
როგორც ირკვევა ახლო მომავალში ეს ჩამორჩენაც აღმოიფხვრება, ვინაიდან აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება, რომელიც სწორედ „ევრო 5“ სტანდარტის პროდუქციას გამოუშვებს.
აქვე მცირე სატისტიკაც.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრში საქართველოში 434,6 ათასი ტონა დიზელის საწვევის იმპორტი განხორციელდა. საინტერესოა, რომ რუსულ საწვავს ( დიზელს და ბენზინს ერთად) საქართველოში უკვე უშირავს ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 30 პროცენტი. მიმდინარე წლის 10 თვეში აზებაიჯანიდან საქართველოში 124,2 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც ბაზრის დაახლოებით 13.9 %-ის ტოლფასია.