კობა კობალაძე: ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება სახელმწიფოს მიერ აღკვეთილი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები დესტაბილიზაციისკენაა მიმართული და ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აღკვეთილი იქნება.
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას დეპუტატი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე გამოეხმაურა.
„ჩვენს შეფასებას ოპოზიციისთვის აზრი არ აქვს, რადგან მათ აქვთ თავიანთი რაღაც სამოქმედო გეგმა, რომელიც გარკვეულწილად უფრო სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. აქვთ პრინციპი იმისა, ჩვენ თუ არ ვართ, სულ ნუ ყოფილა ნურაფერი, აქედან გამომდინარეა მათი მოქმედებები, ხედვები, აგრესია, რომელიც ვლინდება. ყოვლად გაუმართლებელი აგრესია მიმართული არ არის ძლიერი ქვეყნის შენებისკენ, ეს არის მიმართული გარკვეული დესტაბილიზაციისკენ.
რაც უმთავრესია, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა. გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რამდენადაც რადიკალურიც არ უნდა იყვნენ, თავიანთი ხედვის და ინტერესების გამოხატვის უფლება აქვთ. გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული მანამ, სანამ ეს ყოველივე არ შეიძენს ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს და არ გავა კანონის ჩარჩოებიდან. ამ დღეებმა დაგვანახა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შესწევთ უნარი, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია შეინარჩუნონ და ეს ასეც იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება მათი მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღკვეთილი იქნება. დანარჩენი კანონმდებლობის ჩარჩოებში, მათი გამოხატვის თავისუფლება და იდეოლოგიური ხედვა არავის შეუზღუდავს“- განაცხადა კობალაძემ.

მისივე შეფასებით, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ნაადრევი იქნებოდა.

„რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც განვითარდა პარლამენტში, იყო თავისუფალი კენჭისყრა . დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თავის დროზე, მე დავუჭირე მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო ქვეყანა 2024 წლისთვის. 2020 წლისთვის, ჩემი აზრით, ნაადრევი იყო პროპორციული სისტემით შერეული სისტემის ცვლილება, რამეთუ ეს გარკვეულწილად საფუძველს მისცემდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროს გაჩენას, ყოველთვის იქნებოდა სახელისუფლებო კრიზისი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, რაღაც ეტაპზე პიროვნული ბულინგის მომართვა გაცილებით უფრო უმტკივნეულოა, ვიდრე საბოლოო ჯამში ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვა“- განაცხადა კობალაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენეს.

​თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები