მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია 

0

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არარელევანტურია.

მდინარაძის აზრით, მაჟორიტარული სისტემის მიღების კონსტიტუციური რესურსიც არ არსებობს.

„ჩემი აზრით არ არის დღეს რელევანტური ამაზე ფიქრი მითუმეტეს იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. გასაგებია სპეკულაციური პროტესტის ერთი მხარე, ხალხის მოტყუება, რომ გერმანული მოდელი თურმე თავსებადია ჩვენი კონსტიტუციით. აქ არის პოლიტიკური და სამართლებრივი მარაზმი ერთ მხარეს, მაგრამ მეორე მხარეს, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ მოდით გადავიდეთ ამერიკულ, ბრიტანულ თუ ფრანგულ მოდელზე და რომელიმე ამოვირჩიოთ და სრულიად მაჟორიტარული ახალი ქართული მოდელი შევქმნათ ესეც არარელევანტურია. დღეს რესურსი პარლამენტს, იმის ფონზე თუ რა მოხდა, ნამდვილად არ აქვს ამისთვის. გუნდის შიგნით რაც არ უნდა ვიკამათოთ ამ საკითხებზე, ჩვენ გუნდს არ ჩამოვშლით, სახელმწიფოებრივად ვიაზროვნებთ, ვიკამათებთ ამ თემაზე, მაგრამ მინდა კარგად ავხსნა, ვიღაცას შიში რომ არ გაუჩნდეს, რომ რაიმე ახალ მოდელზე გადასვლას ვაპირებთ. ტექნიკურ მხარეს განვმარტავ და ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მათი, მაჟორიტარების მხარდაჭერა ანუ სრული კონსესუსი გუნდის შიგნით, რათა 113-ზე მეტი ხმა შეეგროვებინა პროექტს, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ახლა, ამ შემთხვევაში, ამ ინიციატივას ოპოზიცია ხმას არ მისცემს და თუ გუნდის შიგნით დაჭირდება მხარდაჭერა, მე და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, უმრავლესობის უმრავლესობა, ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შეუძლებელია მსჯელობაც კი ამასთან დაკავშირებით. კიდეც რომ მოეწონოს ვიღაცას, დღეს ამისი რესურსი არ არსებობს, კონსტიტუციური ცვლილებების რესურსი არ არსებობს, ამიტომ არ მგონია რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მეგობრების, მაჟორიტარების მხრიდან ამ საკითხის წამოწევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი