თათა გაფრინდაშვილი: აგვისტოს ომის დღეებში მამაჩემი 24 საათის განმავლობაში საოპერაციოში მუშაობდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თათა გაფრინდაშვილი გამოეხმაურა.
დაკავებული ექიმის შვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი 24 საათის განმავლობაში საოპერაციოში მუშაობდა.
“მოთხოვნა არის რა თქმა უნდა ის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და დაბრუნდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ძალიან კარგად მახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში 24 საათის განმავლობაში იყო საოპერაციოში. მაშინ მუშაობდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, ჰქონდა დატვირთული გრაფიკი. მკურნალობდა არამარტო ქართველებს, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებსაც”,- განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტში 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
კერძოდ, ე.წ. უწყების პრეს-მდივნის ეკატერინა ბიაზროვას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ვაჟა გაფრინდაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამხედრო ექიმის სტატუსით, აქტიურ მონაწილეობას იღებდა.