მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში  მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის საწყისი მასალები რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16-წუთიანი უნიკალური დოკუმენტური მასალა მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც ასევე წარმოადგენს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის – ნუცა ღოღობერიძის დებიუტს კინოში.
ფილმი „მათი სამეფოს“ სახელით არის ცნობილი, თუმცა „გოსფილმოფონდში“ ინახებოდა განსხვავებული სახელწოდებით – „ფურცელი ბიოგრაფიიდან“, ამიტომ ფილმის ხელახალი აღმოჩენა კვლევის საგანია.
ფილმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი – ნანა დოლიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – გაგა ჩხეიძე წარადგენენ. ჩვენებას კინოსექტორის წარმომადგენლების გარდა, მკვლევარები და ისტორიკოსები დაესწრებიან. ჩვენების შემდეგ, შედგება დისკუსია, სადაც სფეროს ექსპერტები ფილმის შესახებ საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები