რომან კაკულია: ბლოკირების შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირების შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია.
“სამწუხაროდ, ბოლო 30 წელია გავდივართ ამ დემოკრატიის ტესტებს და საბოლოოდ ვერ გავიარეთ ისე, რომ გავიდეთ მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე. დღეს ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა არ ვკონცენტრირდეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და ვკონცენტრირდეთ იმ მოთხოვნებზე, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ამაზე ვიფიქროთ. ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა დიალოგი. ჩვენც უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ იმ მოთხოვნებთან მიმართებაში. როდესაც ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის თავისთავად სპობ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიდის, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ერთმანეთისკენ მიმავალი გზის პოვნა. ბლოკირების დაშვება არ შეიძლება და ვინც ამას აკეთებს, ერთის მხრივ საუბრობს, რომ დიალოგი უნდა შედგეს გარკვეულ საკითხზე და მეორე მხრივ, ჭრის დიალოგის გზას. ეს თემა უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. კანონი ძალიან მკაფიოდ ასახელებს იმ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, როდესაც ხდება ბლოკირება, მოვუწოდებ ამ გზას ნუ დაადგებიან, ამით თავიდანვე ეჭვის ქვეშ აყენებენ დიალოგს”,- განმარტა კაკულიამ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები