ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „ჯანსაღი გასტრონომიისა და ორგანული პროდუქტები მთაში“ ფარგლებში, პროექტ „გრეტას“ პრეზენტაცია და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებას ავსტრიის ელჩი საქართველოში – არად ბენკო ესწრებოდა. ელჩს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ უმასპინძლეს.
ავსტრიის ელჩის განცხადებით, შვედეთი, ავსტრია და ევროკავშირი ცდილობენ დაეხმარონ სამიზნე მუნიციპალიტეტებს, მეწარმეებს, ფერმერებს, რათა გამოიყენონ მათი შესაძლებლობები და განავითარონ თავიანთი საწარმოები. ელჩის თქმით, ღონისძიება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
“ავსტრიას ძალიან ძლიერი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კოორდინირებულად განვითარების საქმეში, ჩვენც ისეთივე მთიანი ქვეყანა ვართ, როგორც თქვენ. გვინდა გამოცდილება გადმოვიტანოთ აქ. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიება. აღფრთოვანებული და აღტაცებული ვარ ცაგერით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც გზაზე მოვდიოდით,მე შევნიშნე, რომ თქვენ გაქვთ ხელშეუხებელი ბუნება, რაც კიდევ ერთი დიდი პლუსია. ახლა მთავარია შეცდომების გარეშე და კარგი გამოცდილებით განვავითაროთ ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა არად ბენკომ.
ავსტრიის, შვედეთისა და ევროკავშირის განვითარების ფონდი პროექტს ზემო სვანეთში,რაჭა-ლეჩხუმში,ქვემო სვანეთში და ზემო იმერეთში(ტყიბული,ჭიათურა და საჩხერე) ახორციელებენ. ბიუჯეტი 6,8 მილიონ ევროს შეადგენს.
პროექტის მიზანია ბიზნეს გარემოს ხელშეწყობისა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდა, საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.