მამუკა მდინარაძე: საშემოდგომო სესიის ბოლოს მოსახლეობას, საზოგადოებას, ქვეყანას ჩავაბარებთ ანგარიშს

ყველა ადამიანის გულწრფელი პროტესტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნურავინ ისპეკულირებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მანვე ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ იურიდიული ლოგიკა მათ მოთხოვნებში არ იყო.

“შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, როგორც იურისტმა, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოვისმინეთ იურიდიული ლოგიკა, რომელიც გავდა იმ ოთახში კედლებთან შეჯახებას, სადაც ყველაფერი ნათელია და, სადაც ყველაფერი კარგად ჩანს. ერთ შემთხვევაში გერმანულ მოდელზე იყო საუბარი, გამოდის, ამდენი ხანი ჩვენ შეგვეძლო, გერმანული მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და არ გვცოდნია. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ კანონპროექტი 100 ხმით არის გასული. 100 ხმით როდესაც გადის სამივე მოსმენით კონსტიტუციური პროექტი, მაშინ მეორე მოწვევის დადასტურება უნდა იგივე წესით და იგივე პრინიციპით. ანუ, რა გამოდის, 2020 წლის პარლამენტმა წინა რიცხვით ხომ არ უნდა დაამტკიცოს, როგორც უნდა ჩატარდეს წინა არჩევნები. აქ უკვე ღიმილისმომგვრელ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, იურიდიული ლოგიკა მათ მოთხოვნებში არ იყო. მიუხედავად ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, იგივე პათოსს ვუერთდები. ყველა ადამიანის გულწრფელი პროტესტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნურავინ ისპეკულირებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ხვალ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ არსებულ მდგომარეობაზე და საშემოდგომო სესიის ბოლოს, მოსახლეობას, საზოგადოებას, ქვეყანას ანგარიშს ჩააბარებენ.

“ხვალ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ თვენახევრის წინ დააანონსა 10 გამოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის მუშაობის გეგმა და ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლოს, მოსახლეობას, საზოგადოებას, ქვეყანას ჩავაბარებთ ანგარიშს. ათივე გამოწვევასთან დაკავშირებით ყველა რეფორმის განხორციელების და ყველა გამოწვევის განხორციელების შესახებ ინფორმაციას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები