თამარ ჩუგოშვილი: პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან უნდა იმართებოდეს და არა ქუჩიდან

პროცესების ქუჩაში გადატანას არ ვემხრობი, პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან და პოლიტიკური ორგანოებიდან უნდა იმართებოდეს და არა ქუჩიდან, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დეპუტატთან ერთად გუშინ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რეალისტურად არ მიაჩნია.

“ვადამდელი არჩევნების საბაბს და საფუძველს ვერ ვხედავ. ამ აქციებზე დგომას არ ვაპირებ. არ მგონია, რომ ქუჩის პროცესი ჯანსაღი და სწორია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე პროცესების ქუჩაში გადატანას არ ვემხრობი. პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან და პოლიტიკური ორგანოებიდან უნდა იმართებოდეს და არა ქუჩიდან,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ რაიმე საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შანსები განულდა.

“ეს შეეხება როგორც საარჩევნო რეფორმებს, ასევე ყველა საკითხს და პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. ვეღარ წარმომიდგენია როგორ შეიძლება, რომ რაიმე თემაზე პოლიტიკური შეთანხმება ამ ქვეყანაში გუშინდელი დღის შემდეგ შედგეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, თუ “პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მოახდენს, რა პერსპექტივა ექნება მას, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს, თუ საკითხი ხელახლა დადგება დღის წესრიგში.

“ძალიან გამიხარდება და მხარს დავუჭერ, თუ ხელახლა დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუშინ პარლამენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პასუხი გაეცა კითხვას, საარჩევნო სისტემას ქვეყანა ცვლის თუ არა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო და ამან განაპირობა ჩემი და ჩემი კოლეგების ის მძიმე ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გუშინ მოგვიწია. არ ვიცი, რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები