რა ჯდება კვება საქართველოში

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, “ოქსფამის”,  ბოლო კვლევით, საქართველოში ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ. ესენია შემწვარი კარტოფილი, ლობიო და აჯაფსანდალი. როგორც კვლევამ აჩვენა, კვების მრავალფეროვნების დაბალი და საშუალო დონის მქონე რესპონდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან, ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის.

Report.ge დაინტერესდა რა დაუჯდება სამსულიან ოჯახს ამგვარი კვება ერთი დღე.

თბილისის მკვიდრი, სამგორის რაიონში მცხოვრები 39 წლის  ი.ლ. გვეუბნება, რომ ერთი დღის თავის გასატანად მის სამსულიან ოჯახს მინიმუმ 500 გრამის ლობიო სჭირდება.

“რომ არ გავითვალისწინო მის მოსახარჯად საჭირო ბინებრივი გაზის ღირებულება, ნახევარი კილო ლობიოს დამზადება  10 ლარი მიჯდება. თავად ლობიოში 4 ლარს ვაძლებ, ხახვი ნიორი და მწვანილი 3 ლარამდე მიჯდება. დღესში მინიმუმ 3 პური მჭირდება, რისთვისაც მინიმუმ 3 უნდა მქონდეს გათვალისწინებული. დილით ბავშვისთვის მხოლოდ ჩაი და პური მიჭმევია, შადღისით და საღამოს ლობიო. მეუღლე მშენებლობაზე მუშაობს, დღეში 25 ლარს აძლევენ. ამ შემოსავლით ღირსეული კვება წარმოუდგენელია, ხილს და ხორცს იშვიათად ვყიდულობთ. თუ ვყიდულობ ისიც მხოლოდ ბავშვისთვის,” – გვითხრა დიასახლისმა.

შემწვარი კარტოფილის დასამზადებლად საჭიროა ცხიმი და კარტოფილი. დაბალშემოსავლიანი ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა ცხიმად საკვებში ზეთს ხმარობს. ადგილობრივ ბაზარზე ნახევარი ლიტრი ზეთი 2.50 ლარი ღირს, 1 კილო კარტოფილის მინიმალური ფასი 1.20 ლარია. ნუტრიციოლოგების თქმით, სამსულიანმა ოჯახმა რომ ორ ჭამაზე(სადილსა და ვახშამზე) მხოლოდ შემწვარი კარტოფილი მიირთვას, საშუალოდ, ორნახევარი კილო კარტოფილია საჭირო. გამოდის, რომ 1 დღის შემწვარი კარტოფილის მოსამზადებლად ოჯახს 5-6 ლარი დასჭირდება. ამ კერძთან მიირთმევენ ტყემალს ან კეტჩუპს, რომელიც 2 ლარი ღირს. ნუტრიციოლოგები კარტოფილთან პურის მიღებას არ გვირჩევენ, თუმცა საქართველოში ოჯახების უმრავლესობა ამ რჩევას უგულებელყოფს. შესაბამისად, თუ ხარჯში პურის ღირებულებასაც გავითვალისწინებთ, შემწვარი კარტოფილით თავის გატანა ერთი დღე ოჯახს 9-10 ლარი დაუჯდება.

გასათვალისწინებელია, რომ საჭმლის ამგვარად მიღებას ნუტრიციოლოგები კვებად არ განიხილავენ. მათი შეფასებით, ესაა თავის გატანა, რომელიც “გრძელვადიანი ნაღმია” და ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს.

ცნობისთვის, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 189 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს.

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები