რუსუდან ღვინეფაძის მთარგმნელობითი ოსტატობა ავსტრიაში აღიარეს

ვენიდან სასიამონო ცნობა მოვიდა მთარგმნელ რუსუდან ღვინეფაძის სახელზე, სადაც მას ფრიად საპატიო ჯილდოს, 2019 წლის მთარგმნელობითი პრემიის მინიჭებას ატყობინებენ. კერძოდ კი, წერილში ვკითხულობთ:
„პატივცემულო, ქალბატონო ღვინეფაძე, მოხარული ვარ, გაცნობოთ ფედერალური მინიტრის მაგ. ალექსანდერ შალენბერგის სახელით, რომ თქვენი ღვაწლისთვის ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანის საქმეში მოგენიჭათ პრემია 2200 ევროს ოდენობით. გილოცავთ ამ ჯილდოს და გისურვებთ წარმატებას შემდგომ მუშაობაში“.
წერილს ხელს აწერს ფედერალური მინისტრი ხელოვნების, კულტურისა და მედიის დარგში, დოქტორი რობერტ შტოკერი.
ეს ჯილდო უკავშირდება რუსუდან ღვინეფაძის მიერ მაღალი მხატვრული ოსტატობით შესრულებულ ჰერმან ბროხის (1886-1951) „ვერგილიუსის სიკვდილს“, რომლის ქართული თარგმანი წლეულს დაბეჭდა გამომცემლობა „ალეფმა“.
ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსის, ერთ-ერთი უმთავრესი მოდერნისტის რომანში, რომელიც 1945 წელს გამოიცა ამერიკაში, აღწერილია გენიალური რომაელი პოეტის ვერგილიუსის სიცოცხლის ბოლო თვრამეტი საათი, მისი მგზავრობა და ბრუნდიზიუმში ჩასვლა, სიკვდილისწინა ხილვები და ბოდვები, მეგობართან და იმპერატორთან, ოქტავიანუს ავგუსტუსთან უკანასკნელი საუბარი.
დღეს რუსუდან ღვინეფაძე გერმანულენოვანი მთაგმნელობითი სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი წარმომაგენელია, ვინც ქართულად აამეტყველა თომას მანისა და რიჰარდ ვაგნერის ესეები და წერილები, ასევე ფრანც კაფკას, კრისტა ვოლფის, ჰალდორ ლაქსნესისა და არტურ ფონ ზუტნერის რომანები, ასევე მარი ლუიზე კაშნიცის პოეზია.

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები