11 წლის ლუკა თოიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

16 ნოემბერს, 16 საათზე, გამოჩენილი მხატვრის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი 11 წლის მხატვრის – ლუკა თოიძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ არტკრიტიკოსმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა, ლუკა წყნეთში არსებული ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის (Buckswood International School) მე-6 კლასში სწავლობს და სავალდებულო საგნების მომზადებასთან ერთად ძალიან უყვარს ხატვა. დღე ისე არ გავა, რომ ახალი ნამუშევარი არ შემატოს თავის კოლექციას, რომელშიც ასობით ნახატია თავმოყრილი.
ლუკა თავის პრაქტიკაში მხოლოდ ქაღალდსა და ფანქარს როდი სჯერდება, მას ტილოზე ზეთის საღებავებითაც თავისუფლად შეუძლია ხატვა.
„გამოფენაზე მოსული მისი თანატოლები და უფროსი თაობის წარმომადგენლები თვალცხადად დარწმუნდებიან, თუ როგორი გულისყურითა და პასუხისმგებლობით ეკიდება ლუკა თოიძე სურათის ვიზუალურ თუ ტექნიკურ მხარეს, რა დაკვირვებითა და მგრძნობიარედ გადმოსცემს იგი თავის დამოკიდებულებას გარესამყაროს მიმართ.
წინამდებარე გამოფენაზე გამოტანილი ოცდაათამდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრი თავის თავში უამრავ საიდუმლოს ინახავს და მათი დათვალიერება ბევრ აღმოჩენას ჰპირდება აქ წვეულ ადამიანებს.
მეამაყება, რომ ლუკა ჩემი წარდგენით მოხვდა მისი დიდი თანამოგვარის ჭერქვეშ, რაც მას მუდამ ემახსოვრება, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს მომავალში! თუმცა, მე ლუკაში მოწოდებით მხატვარს ვხედავ, თუკი ის 17 წლისაც ასეთი ხალსით გააგრძელებს ხატვას, ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ მან საბოლოოდ უერთგულა სახვით ხელოვნებას.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის პატრონებს: ქალბატონ ქეთი ბენდელიანსა და ბატონ დათა ამირეჯიბს, რომლებმაც ასეთი ნდობა და ყურადღება გამოიჩინეს დამწყები მხატვრის მიმართ. ლუკას კი ვულოცავ მის ცხოვრებაში ამ სამახსოვრო დღეს“, – აცხადებს გიორგი ლალიაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები