ნათია თურნავა: საქართველოს პორტებში “ერთი ფანჯრის პრინციპის” ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუადვილებს

0

“ვაგრძელებთ ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურაში იწყება პორტების დიჯიტალიზაცია და “ერთი ფანჯრის პრინციპის” დანერგვა საპორტო სერვისებში.
„ეს არის ერთი კომპლექსური პროექტი, როდესაც სხვადასხვა, დღემდე არსებული პლატფორმა გაერთიანდება და 30-მდე აპლიკაცია, რისი შევსებაც მანამდე ცალ-ცალკე უხდებოდათ, ერთიან პლატფორმაში მოექცევა. შედეგად, გადამზიდავ კომპანიებსა და პორტებს საშუალება ექნებათ, უკეთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, არ შეიქმნას რიგები, უკეთ იყოს ოპტიმიზირებული ტვირთნაკადები”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, ჩვენი დერეფანი ისწრაფვის დიჯიტალიზაციისკენ და საქართველოს სურს, რომ დერეფნის ქვეყნებსა და მოთამაშეებს შორის ტოპრეფორმატორი იყოს.
„ჩვენს დერეფანში არის ბევრი ქვეყანა, ბევრი მოთამაშე და ჩვენ, როგორც სხვა ბევრ სფეროში, აქაც გვინდა ვიყოთ ტოპრეფორმატორები, ყველაზე მოწინავე ქვეყანა, სადაც საპორტო ინფრასტრუქტურა გამჭვირვალე და ეფექტური იქნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
​საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუთი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების, გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის პირველი „საჭიროებების კვლევა” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი