სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება დაინერგება

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აგრეთვე გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უწყების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა პროექტი, რომლის პირველი ეტაპი – “საჭიროებების კვლევა” ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დააფინანსა. პირველი ეტაპი საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი – უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას მოიცავს.
გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნეს-პროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის,​ ნათია თურნავას თქმით, სამინისტრო ისწრაფვის, რომ შავი ზღვის კარიბჭეში ტოპ რეფორმატორები ვიყოთ.
“საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველგან სადაც, ჩვენი სერვისების მიწოდებას ეხება საქმე ბიზნესისთვის. კერძოდ დღეს ჩვენ ვიწყებთ პორტების დიჯიტალიზაციის და საპორტო სერვისებში და საპორტო ინფრასტრუქტურაში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას, ეს არის ერთი კომპლექსური პროექტი. 30-მდე სხვადასხვა სერვისი, რომელიც დღეს საჭიროა ქართული პორტებით სარგებლობისთვის იქნება ერთად გაერთიანებული, ერთ ელექტრონულ პლატფორმაში. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ არ შეიქმნას რიგები, უკეთ დაიგეგმოს სამუშაოები და ა.შ. ამ დერეფანში ბევრი ქვეყანაა და ჩვენ ვისწრაფვით, რომ ვიყოთ ტოპ რეფორმატორები, რადგან ჩვენ ვართ შავი ზღვის კარიბჭე”,-აღნიშნა მინისტრმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფო და კერძო სერვისები, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებში გაიცემა, ყველაფერი ერთი ფანჯრის პრინციპით გაერთიანდება და დაიზოგება დრო.
“იწყება საქართველოს ნავსადგურების გაციფრულების პროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ კვლევითი ფაზის პერიოდში. აღნიშნული პროექტი ამერიკის საელჩომ დააფინანსა და 6 თვის განმავლობაში ჩვენ უნდა დავდოთ კვლევითი კომპონენტი, რაც შემდგომ საიმპლემენტაციო ღონისძიებებზე გადაგვიყვანს. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო და კერძო სერვისები, რაც გაიცემა საქართველოს ნავსადგურებში, ყველაფერი გაერთიანდება ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ვებ-პორტალზე და შესაბამისად დაიზოგება დრო. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი აშშ-ის საელჩოს საქართველოში იმისათვის, რომ მოგვცა შანსი დაგვეწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება”,-განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი​ ელიზაბეთ რუდი მიიჩნევს, რომ “ერთი ფანჯრის” მომსახურების დანერგ​ვით საქართველო კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს შავი ზღვისა და გლობალურ უსაფრთხოებაში.​
“​საქართველოს საზღვაო სექტორში “ერთი ფანჯრის” მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ ყველა პირს შეეძლება ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით დაამუშავოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, რეგულირების მოთხოვნები, ლიცენზიები, ნებართვები და სხვ.
აღნიშნული პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შეუმცირებს სამუშაოს მოცულობას და გაზრდის ეფექტურობას. იგი ასევე გაზრდის ვაჭრობის უსაფრთხოებას, რადგან ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებას ყველა დაინტერესებულ უწყებას შორის.
პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს შავი ზღვისა და გლობალურ უსაფრთხოებაში. მოხარულები ვართ, რომ შეერთებული შტატების საელჩო ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობს ამ პროგრამის მხარდასაჭერად სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების სხვა შესაბამისი პროექტების საშუალებით”,-განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
კომპანიის MSC Georgia – ს მმართველი დირექტორის, ალკან ალიჩიკის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით დაიზოგება დროც და რესურსიც.
“პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს, რადგან ის შეამცირებს დამატებით სამუშაო საათებს, რასაც ახლა ვხარჯავთ სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტან-მოტანაზე საბაჟოსა და სხვა ორგანიზაციებში. პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, ფაქტობრივად, დავზოგოთ დრო და რესურსი და მეტი დრო ბიზნესის კეთებას მოვანდომოთ”,-აღნიშნა ალკან ალიჩიკისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები