შანხაის გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიაა წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWine Shanghai-ზეა წარმოდგენილი, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში 12-14 ნოემბერს იმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მას ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. მას ტრადიციულად ჯამში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.

ამასთან ერთად, მიმდინარე კვირაში შანხაიში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ფესტივალი ღვინის პროფესიონალებისთვის „საფერავის სიმპოზიუმს“ და დეგუსტაციას მოიცავდა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ცნობილი ბრიტანელი მწერალი რობერტ ჯოზეფი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისათვის. ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის წარდგენას ითვალისწინებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები