სოსო ფხაკაძე: შრომის კოდექსში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

“ამ ეტაპზე, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია, ვინაიდან არღვევს ბალანსს და გაუმართლებლად ერევა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც შესაძლოა, საგრძნობლად დააზიანოს საქართველოში დღეს არსებული ბიზნესგარემო. შეიძლება, ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს”, – აღნიშნა ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

შეხვედრაზე ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც ეხებოდა ვადიან შრომით ხელშეკრულებებს, სტაჟირებას, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებას, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების წესში ცვლილებებს, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებასა და სხვა.

ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ახლო მომავალში აღნიშნულ თემაზე შეხვედრა ეკონომიკურ ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტების წარმომადგენლებთანაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები