მამუკა მდინარაძე: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას – ნახოთ

“პატივისცემა მაინც ხომ შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენს ისტორიაში და ქვეყნის განვითარებაში? მიადგნენ რწმენას და პატრიარქის დისკრედიტაცია განიზრახეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბოლო დროს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მოვლენების უკანაც, წინაც, მარჯვნივაც და მარცხნივაც ოპოზიციის წარმომადგენლები დგანან.

​”მე ვფიქრობ, რომ მსგავსი გამოსვლებით, ძალიან რბილად ვცდილობ თქმას, ვერ მიაღწევენ მიზანს, ბუნებრივ რეაქციაში რომ აყევით ხალხს, მგონი ეს პირველი შემთხვევა იყო. მთელი დღეა, დღეს ვისმენთ განცხადებებს სხვადასხვა მხრიდან, ვის უყვარს, სამშობლო, მამული, ენა, სარწმუნოება და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, ამ დღეების განმავლობაში, ამ მოვლენების უკან. ვუპასუხე და იმავეს გავიმეორებ დღეს: მარცხენა ფლანგის განსაკუთრებით, ქვედა ხაზების გასაგონად: უკანაც, წინაც და გვერდითაც, დგახართ თქვენ და რატომ: შეგიძლიათ, შეიხედოთ, თქვენ არა, სხვამ, შეიხედოს თქვენი პარტიული აქტივის “ფეისბუქ” გვერდებზე და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიას – ნახავს. შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას – ნახოთ. რაღაზე ვლაპარაკობთ? შეთქმულების თეორიებს დავანებოთ თავი. მე წაგიკითხავთ რამდენიმე წინადადებას და მგონი არ იქნება კარგი მოსასმენი. როდესაც უბინძურესი კამპანია დაიწყო ერთმა ადამიანმა პატრიარქის მიმართ, წინა დღეებში, ერთმა პოლიტიკოსმა, ე.წ. გააკეთა ასეთი განცხადება: „ეს არის შოკის მომგვრელი, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეკლესიის წიაღში მყოფმა ადამიანებმა ეს ყველაფერი იცოდნენ. ეს ჭორის სახით ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიდა გარეთ. მმართველობას რაც შეეხება, არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში გამოცდილება ორმოცწლიანი, შუასაუკუნეობრივი მართვის სტილი მთავრდება ყოველთვის ასე. ეს არის ბოლო ჟამის ნიშნები. მმართველობას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლოგიკური დასასრულია იმისა, რაც აქამდე იყო და როგორც იმართებოდა. მარტორქებით და რაღაც დახურული შუასაკუნეობრივი მეთოდებით საქართველოს საპატრიარქო“. ვინ დგას ამის უკან? უკან არა, ეს არის თქვენი ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება და მერე ვკამათობთ, უკან და წინ ვინ დგას რაღაც მოვლენების”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
​როგორც მან აღნიშნა, ის ტენდეცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წარსულია და მათზე ლაპარაკი აღარ ღირს, სწორი არ არის.
“რაც შეეხება თქვენი კოლეგის მიერ ნახსენებ ფსკერს და სიბნელეს, სად არის, ახლა მე თქვენ აგიხსნით, ვინ გოშიაა და ვინ ვინ არის. თითქოს, ჩვენი კოლეგებიც, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენი გუნდიდან გასულებიც, ეთანხმებიან იმ ტრენდს, რომ აღარ უნდა ვილაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, აღარ არის მოდაში. მოდაში აღარ არის, თურმე, “ნაცებზე” როგორ უნდა ილაპარაკო. დღეს რაც არ უნდა მოატყუონ ხალხს, დღეს რაც არ უნდა გააფუჭონ, რაც არ უნდა საბოტაჟის ნიშნები იყოს მათ მოქმედებაში, როგორ უნდა შეეხო, მომავალზე ვილაპარაკოთ. მომავალზე ვლაპარაკობთ და წყალტუბო არ მოსწონთ. მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი მოსწონთ, რომელმაც თქვა, 2008 წელს დავიწყეთ, 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, ესენი მოვიდნენ და გააჩერესო. წყალტუბოზეა ლაპარაკი. 2012 წელს თურმე წყალტუბოს აღმშენებლობა შეგვიჩერებია. ეს მოსწონთ. ეს არის სინათლე და ასე უნდა განათდეს ამ ქვეყანაში, მათი მესიჯ-ბოქსით რომ ვისარგებლოთ. და მთავარი, როცა თქვენი ტელევიზიებიდან გველაპარაკებიან მამულზე და სარწმუნოებაზე და ენაზე, ირაკლი სესიაშვილის პათოსი მინდა გავაგრძელო – მამულს რაც შეეხება, 20 % ხომ ჩააბარეთ და მერე “გაუპრავეთ” ეგრეთ წოდებულად, ვერ “გაუპრავეთ”, მაგრამ ხომ სცადეთ იმ რეზოლუციით, რაზეც დღენიადაგ ვსაუბრობთ ხოლმე. ენაზე აღარ ვსაუბრობ, უხამსობით და ბილწისტყვაობით როგორ გინდათ გააფუჭოთ ყველაფერი, ეს ხომ გასაგებია და ბოლოს – მიადექით ყველაზე წმინდას ბევრი ქართველისთვის და ბევრი მართლმადიდებლისთვის. შეიძლება ვიღაც საერთოდ არ იყოს მორწმუნე და საერთოდ სხვა წარმოდგენები ჰქონდეს რაღაც-რაღაცებზე, მაგრამ პატივისცემა მაინც ხომ შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენს ისტორიაში და ქვეყნის განვითარებაში, მინიმუმ, პატივისცემა ხომ შეიძლება გქონდეთ და მიადგნენ რწმენას და პატრიარქის დისკრედიტაცია განიზრახეს. ეს არის თქვენი რეალური სახე და რაც არ უნდა გადააბრალოთ ვიღაცებს რაღაცები, ასე დარჩება”,-აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები