ზაალ ანჯაფარიძე: მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურას მოკვლევა უნდა დაეწყო

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურას, როგორც მინიმუმ, მოკვლევა უნდა დაეწყო. ამის შესახებ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, თეთრი ლაქები არ უნდა დარჩეს.

„პროკურატურას ამ საკითხზე, როგორც მინიმუმ, მოკვლევა უნდა დაეწყო. გარდა ამისა, რადგანაც მეუფე იაკობმა გააკეთა ასეთი განცხადება, ის ვალდებულია მრევლის, ასევე ეკლესიის წინაშე, მისცეს დამატებითი ახსნა -განმარტებები. მით უმეტეს, ის არ ამბობს უარს იმ სიტყვებზე, რაც მან წარმოთქვა ერთერთი ტელევიზიის ეთერში. ვფიქრობ, გარკვეულწილად თავად ეკლესიამაც უნდა მოითხოვოს, რომ მან სიცხადე შეიტანოს ამ საკითხში. ამის ასე დატოვება და მიფუჩეჩება არ მიმაჩნია სწორად, მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის, როცა განცხადებას აკეთებდა. ყურადღებას მივაქცევ იმას რომ მეუფე იაკობმა ეს ორჯერ გაიმეორა, რჩება იმ აზრზე, იმ ვერსიაზე, რაც გააჟღერა პირველ განცხადებაში. არ იქნებოდა კარგი, რომ ამ საკითხში თეთრი ლაქები დარჩენილიყო, რადგან შემდეგ ეს ყოველთვის გახდება სხვადასხვა სპეკულაციისა და ბრალდებების ნოყიერი ნიადაგი, არ მგონია, ეს ხელისუფლების ინტერესი იყოს.

რაც შეეხება საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხს, გასაგებია, ოპოზიცია რატომაც ითხოვს საგამოძიებო კომიის შექმნას, მას სურს, რომ ამ კომისიით კიდევ ერთხელ გაამათრახოს ხელისუფლება. პირადად მე, ცოტა არ იყოს არაბუნებრივად მეჩვენება სასულიერო პირი დაბარებული იყოს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და მას ჩვენება ჩამოართვან”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები