ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება

“როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება წყალტუბოს პროექტს, სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, არამარტო ტურიზმისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სასტუმრო “რედისონში” წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის მონაწილეებთან განაცხადა.

ნათია თურნავას შეფასებით, როდესაც საუბარია მინიმუმ 22 რეაბილიტირებულ ობიექტზე, რომელიც ამოქმედდება და ასევე აბსოლუტურად ახალ ობიექტებზე, რომლებიც ნულიდან შეიქმნება, იგულისხმება ძალიან მასშტაბური დასაქმება.

“ეს არის, სულ მცირე, 8 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ არსებული ობიექტების პირობებში, ხოლო ჯამურად, ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი აქტივობის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თანმდევი ბიზნესების მნიშვნელობას.

“ასეთი მასშტაბური კურორტი ვერ იმოქმედებს, თუ არ განვითარდება თანმდევი ბიზნესებიც -ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ასევე ავეჯის წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი დატვირთვა მიეცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ასევე აღსანიშნავია ქუთაისის ირგვლივ არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც გაცილებით მეტად დაიტვირთება და იქნება ბევრი სხვა სიკეთეც, რომელიც კომპლექსურად მოაქვს წყალტუბოს განვითარების პროექტს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

“რედისონში” გამართულ განხილვაში არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები