„ვეცდებით დავიკავოთ კინოდარბაზი, მოვახდინოთ შენობის პიკეტირება“ – ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერას არ დაუშვებენ

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეების კინოთეატრებში ფილმის- „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფალავანდიშვილის თქმით, ისინი აპირებენ დაიკავონ კინოდარბაზები და მოახდინონ კინოთეატრების შენობების პიკეტირება.

„ჩვენ გვეხება ბავშვთა დაცვა, როცა გადის სიბინძურე და ამის პროპაგანდა , უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები. ჩვენ პრაიდის შემდეგ კიდევ გვიწევს ხელში ავიღოთ სახელმწიფოს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი შვილები და აღვასრულოთ კანონი. ჩვენი სახელმწიფო მძევალია, ექვემდებარება სოდომისტურ ძალებს, მაფიას, რადგან თავის კინოთეატრებში, თავის შვილების გასარყვნელ სიბინძურეს მწვანე შუქი აუნთო, ბილეთები გაყიდა.

საელჩოებო მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მიიღონ ამ ბაკქანალიაში მონაწილეობა და სახელმწიფო დუმს. ამიტომ, ქართველ ხალხს აქვს უფლება დაიცვას წესრიგი, კანონის დაცვით, მაგრამ ფიზიკური ხელის შეშლით. შეიძლება ჩვენ დარბაზი დავიკავოთ წინასწარ, შეიძლება გავაკეთოთ პიკეტირება, მაგრამ ჩვენ ამ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შევუშვათ, არცერთ ამ საშინელების ჩვენება. ეს ფილმი ოსკარს მიიღებს, თუ კიდევ ბევრ რამეს, იმიტომ, რომ არის მაფია, არა იმიტომ, რომ კარგი რეჟისორია ლევან აკინი, იმიტომ, რომ ფილმი ეხება სიბილწეს,გარყვნილებას. მადლობა მინდა, ვუთხრა ნინო სუხიშვილს, რომელმაც უარი თქვა ამ სიბინძურეში მონაწილეობაზე.

ჩვენ ვგეგმავთ 8-ში, საღამოს 5 საათიდან შეკრებას კინო „ამირანთან“, 19:30 -ზეა ჩვენება. ვეცდებით დავიკავოთ დარბაზი, ან მოვახდინოთ პიკეტირება. ვიცით, რომ ჩვენება ეწყობა თავისუფლების მოედანზე, ცენტრში, ასევე „ისთ ფოინთში“, გვეყოფა იმის ძალები, ყველგან გავაგზავნოთ ჩვენი ხალხი. ასევე იქნება ბათუმშიც.
მთავრობას მოვუწოდებთ აღკევთოს ეს ბინძური პროვოკაცია .
ბილეთები გაყიდულია, ძირითადად იყიდეს საელჩოებმა.
პოლიცია თუ მათ დაიცავს, ესე იგი, ის დაიცავს ჩვენი შვილების გარყვნას. პოლიცია ხდება კანონდამრღვევი. პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ პოლიციას შევუშლით ხელს. მაგრამ, იმედი გვაქვს ჩვენი პოლიცია ქართველ ხალხს არ დაარბევს“- განაცხადა ფალავანდიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ “ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებას ჩაშლის. შსს -ში აცხადებენ, რომ “იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები