ქეთევან ციხელაშვილი: მოვუწოდებ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით

მოვუწოდებ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნილი ქალის შესახებ განაცხადა, რომელიც მძიმედ დაშავდა, თუმცა თბილისის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან.

“მე მაინც იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს არ ექნება შეფერხება და დადებითად გადაწყდება იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მინდა მოვუწოდო ყველა გადაწყვეტილების მიმღებს იქნება ეს დე ფაქტო წარმომადგენელი თუ რუსეთის მხრიდან, რომ ასეთ საკითხებზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და საფრთხე არ შეუქმნან ამ ქალბატონის ჯანმრთელობას”, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

უბედური შემთხვევის დროს დაშავებულის მდგომარეობაზე ევროკავშირის მისია და წითელი ჯვარი საქმის კურსშია. დაშავებული თამარ გიგაური ცხინვალის ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც მკურნალობის არანაირი პირობები არ არსებობს, მისი ოჯახი პაციენტის თბილისში, დაუყოვნებლივ გადმოყვანას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები