გულორდავა ქადაგიძეს: თვლით რომ მაჟორიტარებმა 2003 წელს უკანონოდ შეინარჩუნეს თანამდებობა და დაირღვა თუ არა იქ სამართლიანობის პრინციპი?

ფრაქცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელი, გოგა გულორდავა სამართლიანობასა და სამართალს შორის განსხვავებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის ხედვით დაინტერესდა.

„გეთანხმებით, რომ 2003 წლის გადაწყვეტილება იყო კანონიერი, მაგრამ დღესაც თვლით რომ იყო სამართლიანი თუნდაც, იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც მაშინ პროპორციულ სიაში იყვნენ. თვლით რომ მაჟორიტარებმა მაშინ უკანონოდ შეინარჩუნეს თანამდებობა და დაირღვა თუ არა იქ სამართლიანობის პრინციპი”, – აღნიშნული კითხვებით გოგა გულორდავამ ნინო ქადაგიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

ფრაქციის, „ქართული ოცნება” წარმომადგენელი კიდევ ერთი საქმით დაინტერესდა, სადაც მხარეს სახელმწიფო წარმოადგენდა და რომელიც, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ეხებოდა. პარლამენტის წევრმა მოსამართლეობის კანდიდატს გადაწყვეტილების მსჯელობიდან ციტატა შეახსენა:

„საქართველოს სახელმწიფოს საჯარო სამსახურის ფუნქციონირებაში უმწვავესი პრობლემებია, რომლებიც განპირობებულია საჯარო სამსახურის არსისა და ამოცანების ნაკლებად გააზრებულობით, კანონის უზენაესობის სტანდარტის უგულვებელყოფით, საჯარო სამსახურის პირადი და პარტიული ინტერესების მომსახურების ასპარეზად პარტიული მუშაკებისა და აქტივისტების დასაქმების საშუალებად მიჩნევით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული უპატივცემულობით, თავად საჯარო მოხელეთა მხრიდან პერსონალური პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობით, დაბალი პროფესიული კვალიფიკაციით, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას”.

„ეს არის საკმაოდ მძიმე შეფასება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ თქვენ დადგენილად მიგეჩნიათ შემდეგი გარემოებები? ეს შეეხებოდა ერთ კონკრეტულ საქმეს. მე მაინტერესებს მსჯელობის სტანდარტი – რითი იხელმძღვანელეთ, როდესაც ასეთ სიღრმისეული მსჯელობაში შეხვედით, ხომ არ ფიქრობთ რომ პოლიტიკური შეფასებები უფროა, ვიდრე მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რაიმე ფაქტობრივი გარემოებების თქვენს გადაწყვეტილებებში მოყვანა? თქვენ მოხსენებული გაქვთ ტერმინი „სახელმწიფო საჯარო სამსახურები”. თქვენ არ გაქვთ კონკრეტული სახელმწიფო უწყება მითითებული. ეს არის უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე თქვენი კონკრეტული სარჩელი გულისხმობდა”, – აღნიშნა გოგა გულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები