ბიძინა ივანიშვილი: დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია
“დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია”,-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე განაცხადა.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად დაესწრო.
პუბლიცისტიკასა და მეცნიერებაში თამაზ ტყემალაძის დამსახურებებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ დამსახურებებს ემატება კიდევ ერთი – თამაზ ტყემალაძე ერთ-ერთი გამორჩეული თამადაა და ძალიან ლამაზად მიჰყავს სუფრა.
„მისი ნიჭიერების ყველაზე დიდი ამოფრქვევა გახლდათ ქართული სუფრა. ყველა მისი მოღვაწეობა ემოციურად გამოიხატებოდა ქართულ სუფრაზე და და მე ვფიქრობ, ბატონი თამაზის ყველაზე დიდი ღირსება მის მიერ წაყვანილი სუფრა გახლავთ. მიმაჩნია, რომ ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენიერება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა. ქართულ სუფრაზე რომ გამოჩენილი თამადა იყო, ამას სჭირდება ის, რაც ჰქონდა ბატონ თამაზს, მისი პოეზია, პედაგოგიური თუ სხვა დამსახურებები და კიდევ სხვა რაღაც, ბატონ თამაზს ეს ყველაფერი გააჩნია. ქართული სუფრა ყოფითი ცხოვრების არსი და განსახიერებაა, ბატონი თამაზის ხელოვნება სუფრის თამადობაში გამოიხატებოდა. მე იშვითად ვიყენებ ილიას სიტყვებს, რომელიც ძალიან მიყვარს. საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ბატონ თამაზს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამაზ ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია. მანამდე ტელევიზიასა და რადიოში არაერთი შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.