საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„გიდასტურებთ, რომ მზად ვართ ე.წ. პრაღის ფორმატში გავაგრძელოთ დიალოგი, რომელიც ძირითადად საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებისკენ არის მიმართული. რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი გააგრძელებს ამ ფორმატით შეხვედრებში მონაწილეობას. პრაღაში მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება“, – განაცხადა ხაზაროვამ რუსულ მედიასთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტმა გრიგორი კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან სექტემბრის დასაწყისში გაათავისუფლა. მისი ადგილი საგარეო უწყებაში ანდრეი რუდენკომ დაიკავა.