დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორის, მიხაი ზიჩის გამოფენას უმასპინძლა

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, დანიის სამეფოში უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, “ვეფხისტყაოსნის” გამორჩეული ილუსტრატორის, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენას უმასპინძლა.

გამოფების ფარგლებში მიხაი ზიჩის 25 ნამუშევრის მაღალი რეზოლუციის ასლია წარმოდგენილი.

ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ გახსნა. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორიაში მიხაი ზიჩის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ ფაქტებზე, რომელიც უნგრელი მხატვრის საქართველოში ჩამოსვლას და ილუსტრაციებზე მუშაობის პროცესს უკავშირდება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უნგრეთის ელჩმა კრისტოფ ალტუშმა საქართველოს ელჩს ღონისძიების ინიციატივისა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საელჩოს თანამშრომლობის უნიკალურ გამოცდილებას და საქართველოს ელჩს მიხაი ზიჩის ნახატების ალბომი უსახსოვრა.

გამოფენას ესწრებოდნენ კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ქართული და უნგრული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიება დასრულდა მიღებით, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა,  ქართული ღვინო და უნგრული კერძები დაეგემოვნებინა.

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის “ვეფხისტყაოსანი” პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება.

1881 წელს იგი საქართველოში ჩამოვიდა. ნაწარმოების თემაზე მუშაობისას ზიჩი იმდენად მოიხიბლა “ვეფხისტყაოსნის” შინაარსით, რომ შექმნილი ილუსტრაციები ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები