BAZA და დავით კაკაბაძის ფონდი ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმს უმასპინძლებენ

2 და 3 ნოემბერს, 12:00-20:00 საათზე, BAZA და დავით კაკაბაძის ფონდი ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმს – ხელოვნება/ მეცნიერება/კვლევას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს იქნება ცოდნის ფესტივალის ტიპის ღონისძიება, რომელიც  ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ავტორებს შემოქმედებითი, კვლევითი და სამეცნიერო დისციპლინებიდან. BAZA-ს სიმპოზიუმი ცოდნის გაზიარების, შთაგონებისა და ახალი იდეების გენერირების სივრცეს შექმნის, რომელიც ამავდროულად რეფლექსიაა დავით კაკაბაძის შემოქმედებაზე და მისი მუშაობის მეთოდებზე.
სიმპოზიუმზე ლექციების, საუბრებისა და მოხსენებებსი ფორმატში სხვადასხვა სფეროს წარმატებული მკვლევრები და პროფესიონალები საკუთარ მოსაზერებებს წარადგენენ. ვიზუალური ხელოვნება, კულტურის კვლევები, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკა, სიცოცხლის მეცნიერებები, ისტორია და მეხსიერების პოლიტიკა, ახალი ტექნოლოგიები და სხვა. ეს ის ზოგადი თემატური სპექტრია, რომელსაც BAZA-ს პირველი ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი გააერთიანებს.

სიმპოზიუმის მომხსენებლები და თემატური მიმართულებები:

2 და 3 ნოემბერი, 12:00 – 20:00 სთ.

■ ლელა ფირალიშვილი – კულტურის კვლევები, კულტურა და კომუნიკაცია
■ ირაკლი ხვადაგიანი – ისტორია
■ დიმიტრი ჩუბინიძე – ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია, კულტურული კოგნიცია
■ სანდრო ასათიანი – ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი
■ იური ბაღათურია – ფიზიკა ვიზუალურ პერსპექტივაში
■ ნინო მახაშვილი – ფსიქიკური ჯანმრთელობა
■ მიხეილ კოტიშაძე – გამომგონებლობის თეორია
■ თამარ შავგულიძე – ხელოვნების თეორია, თანამედროვე სკულპტურა
■ ნანა ყიფიანი – ხელოვნების თეორია / ქართული ავანგარდი
■ კოტე ბოლვაძე – ხელოვნების თეორია
■ ვატო წერეთელი – შემოქმედებითი მედიაცია
■ ლევან ჭოღოშვილი – ხელოვნება
■ გიორგი მუსხელიშვილი – სიცოცხლის მეცნიერებები
■ ლალი პერტენავა და თაკო ჭაბაშვილი – ხელოვნების, არქივისა და განვითარების პროგრამების ურთიერთობის შესახებ

სიმპოზიუმის პარალელურად რუსთაველის 18-ში დ. კაკაბაძის ფონდი და BAZA ასევე წარმოადგენს შემდეგ ღონისძიებებს:
■ არქივის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება დ. კაკაბაძის უნიკალური საარქივო მასალა – უშუალოდ ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ესკიზები და ჩანახატები, ტექსტები, პუბლიკაციები და ფოტო მასალა.
■ დავით კაკაბაძის შემოქმედების ციფრული არქივის პრეზენტაცია – უნიკალური და სრულიად ახალი ვებ პლატფრომა, რომელიც თითქმის სრულად აერთიანებს ავტორის შემოქმედებას.
■ გაზეთ „დანართის“ პრეზენტაცია, რომელის მთლიანი ნომერი დ. კაკაბაძის შემოქმედებას ეძღვნება.
ახალი ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პლატფორმა – BAZA – „თიბისის“ ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების, მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით ცოდნის გაზიარებაა. ეს არის სივრცე, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში და ზოგადად კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში ჩართულ არაერთ პროფესიონალ შემოქმედს, მკვლევარს, სტუდენტს თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს.

მისამართი: რუსთაველის გამზ. #18 (მე-3 სართული. შემსასვლელი სადარბაზოდან)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები