თბილისელების 57 % ტაქსის რეფორმას დადებითად აფასებს
ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის ,,ეისითი” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისში განხორციელებულ ტაქსების რეფორმას დედაქალაქში გამოკითხულების 25% ძალიან დადებითად, 32% კი უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად აფასებს. იმ რესპონდენტების რაოდენობა კი, რომლებიც ტაქსების რეფორმას ძალიან უარყოფითად ან უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად აფასებენ, ერთმანეთის მსგავსია და, შესაბამისად, 18%-ს და 19%-ს შეადგენს.
ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულების 70% ტაქსების რეფორმის შედეგად დედაქალაქში უფრო მოწესრიგებულ და სუფთა ტაქსებს მოელის. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 17%, საკითხის მიმართ კი ნეტრალური დამოკიდებულება აქვს 10%-ს (არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება).
გამოკითხულების 72%-ს ტაქსების რეფორმის შემდეგ დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების იმედი აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება 15%, 11%-ს კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.
თბილისში გამოკითხულების 59% თვლის, რომ რეფორმის შედეგად ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება. აღნიშნულს არ ეთანხმება გამოკითხულების 21%, ნეიტრალურ განწყობას კი ავლენს 14%.
ასევე, კვლევამ უჩვენა, გამოკითხულების 2/3 შიშობს, რომ რეფორმა გააძვირებს ტაქსის მომსახურებას (66%). 14% აღნიშნულს არ ეთანხმება, 12% კი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენს.
მთლიანობაში დედაქალაქში გამოკითხულების 2/3 ტაქსების რეფორმას მტკივნეულ, მაგრამ თბილისისთვის აუცილებელ რეფორმად თვლის (64%). აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 20%, ხოლო ნეიტრალურია 13%.
