გიორგი ვოლსკი ოპოზიციას – აკეთეთ საქმეები და სისულელეები ნაკლებად
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლას და განაცხადა, რომ „მოდის არჩევნები და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, კიდევ უფრო მეტი იქნება სიმწარე მათ გამოსვლებში, კიდევ უფრო მეტი იქნება ზოგიერთ შემთხვევაში დემაგოგია”.
„ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ თურმე ჩვენ რადარებიდანაც გამქრალი ვართ და, საერთოდ, ჩვენ არა ვართ მოხსენიებული რუსეთთან ურთიერთობის თემაში. მსოფლიო დონის დაპირისპირება მიმდინარეობს-თქო ძალიან ბევრჯერ მითქვამს და მართლაც მიმდინარეობს – ომია, ზოგან ცხელ ფაზაში, ზოგან ეკონომიკური ომის ყველა ნიშანია, და აქა ვართ გადარჩენილები და მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს. დანარჩენი დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მიმართ ყალიბდება ძალიან აგრესიული დამოკიდებულება. ეს არის რეალობა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, როგორც ოპოზიცია ითხოვს, უკრაინის თემასთან დაკავშირებით წინადადებაში მაინც და მაინც საქართველოს შემოტანას, ეს კი ერთმნიშვნელოვნად ემსახურება მხოლოდ იმას, რომ „გაგიშვან ბრძოლის წინა ხაზზე, ეკონომიკური ბრძოლის წინა ხაზზე, კონკრეტული შეიარაღების გარეშე და აქეთ დაგარტყან, როგორც ადრე დაგარტყეს”.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, სხვა რა შეიძლება იყოს თუ არა დემაგოგია, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალს სდებს, რომ თითქოს იგი აცხადებდეს 2008 წელს საქართველომ მოახდინა აგრესიაო. „არა ბატონებო და ქალბატონებო, ამას თქვენ ამბობთ, ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, რომლისთვის ხელი არ უნდა მოეწერა თქვენს დელეგაციას”, – მიმართა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას.
მისივე თქმით, ბიძინა ივანაშვილს აბასთუმნის აშენებაზე ოპოზიციამ ბოლოს და ბოლოს რომ ვერ მოუძებნა ვერაფერი სათქმელად, ტელესკოპი უნდაო ისიც კი თქვეს მათზე ჩამოკიდებულმა „ვიღაც პოლიტიკურად აქტიურმა ადამიანებმა”.
„არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე თურმე, არც ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს და ხედავს. არაფერი არ ხორციელდება თურმე, არც საწარმოები იხსნება, არც ფერმერები არ არსებობენ, რომლებიც დაფინანსებული არიან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებით, 2 ათასი ჰექტარზეა გაშენებული ბაღები, სულ რაღაც 5-6 კილომეტრში საოკუპაციო ხაზთან. ამხელა საპენსიო რეფორმა მოხდა და ესო რა არისო, სტუდენტებს ფულს პარავთ და მილიონერებს აძლევთ, პენსია რომ ჰქონდეთო. ამას რომ იტყვიან, იქ უნდა დაამთავრო ლაპარაკი საერთოდ, აკეთო შენი საქმე და დაელოდო არჩევნებს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.