დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიერ უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება
ბიძინა ივანიშვილის მიერ უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.
“ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელოდება წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს. თავისი მასშტაბით მართლაც უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ დროს ძალიან პოპულარული, ამჟამად კი დროთა ავბედითობისა და საბიუჯეტო სახსრების უკმარისობის გამო, ნახევრად მიტოვებული და გაპარტახებული კურორტის კვლავ ასაღორძინებლად. ორ ათეულზე მეტი სასტუმრო და დასასვენებელი სახლები, ათასობით სამუშაო ადგილი, აღდგენილი ინფრასტრუქტურა, უამრავი კმაყოფილი ტურისტი და რაც მთავარია, დოვლათი, რაც წარმატებული ტურისტული საქმიანობის შედეგად იქმნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თვითოეული ოჯახისთვის. აი ეს, ძალიან მცირე ჩამონათვალი, იმისა, რაც შედეგად მოჰყვება ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ გულწრფელ სურვილს დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს მისთვის საყვარელ ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს“, – წერს მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.