ბიძინა ივანიშვილი: წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი

“წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი”, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელშიც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაადვილდება ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვა ამ მიმართულებით.

“წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი “ქართუ” ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები