ადვოკატი: დეკანოზის პოზიციაა, რომ პირველივე შესაძლებლობა როგორც კი ექნება, მხოლოდ და მხოლოდ სინოდის წევრების წინაშე თქვას ყველაფერი
მამა გიორგი მამალაძის პოზიციაა შემდეგი: პირველივე შესაძლებლობა როგორც კი ექნება, მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდის წევრების წინაშე თქვას ყველაფერი, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის თქმით, დეკანოზს მტკიცებულებები აქვს, თუ როგორ იფლანგებოდა ფული საპატრიარქოდან.
„დეკანოზმა რამდენიმე ხნის უკან მოინდომა, როცა ამდაგვარ საკითხებზე იყო საუბარი, ის მზად იყო, თუ წმინდა სინოდის სხდომაზე ექნებოდა საშუალება, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე იტყოდა სიმართლეს, რითაც ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა, თუ მდგომარეობაა საპატრიარქოში, რა კანონდარღვევებზეა საუბარი. გარკვეული ფაქტები მისთვის ცნობილი იყო მოკვლევის შედეგად, რომელსაც პირადად პატრიარქის დავალებით ახორციელებდა. ამიტომ ხდებოდა დეკანოზის დაბლოკვა, რათა ყველანაირად ხელი შეშლოდა, რათა სინოდის სხდომაზე არ მომხდარიყო ყველა იმ მტკიცებულებით საუბარი, რაც მოიპოვა, რითაც დასტურდებოდა, თუ რა კორუფციას ჰქონდა ადგილი.
მას სურვილი ჰქონდა, ყველაფერი სხდომაზე სინოდის წევრებისთვის მოეყოლა.
კითხვაზე, აქვს თუ არა დეკანოზს მეუფე იაკობის წინააღმდეგ მტკიცებულებები, ადვოკატის განცხადებით, „ფინანსებს და ქონებას როცა განკარგავს ერთერთი ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში, ყოფილი ქორეპისკოპოსი იაკობი , რა თქმა უნდა, მის პირად დარღვევებზეც იქნებოდა საუბარი”.
„მოგეხსენებათ, ყოფილი ქორეპისკოპოსი იაკობი იყო ფინანსური დეპარტამენტის უფროსი. შემდეგ ამ დეპარტამენტის გაყოფა მოხდა , ქონებასა და ფინანსებთან დაკავშირებით საკითხების ხელმძღვანელად დაინიშნა დეკანოზი. დეკანოზ მამალაძის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში საუბარია იმ თანხებზე, რომელიც არამიზნობრივად იხარჯებოდა საპატრიარქოდან”, – განაცხადა რამიშვილმა.
თამუნა შეყილაძე