„სამუხრუჭე ხუნდებსა და სამშენებლო მასალებში კიბოს გამომწვევი აზბესტის შემცველობაა“ – რას აჩვენებს ახალი კვლევა

ლაბორატორიული კვლევების შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე შეძენილი, 20 ლარამდე ღირებულების სამუხრუჭე ხუნდების 60% -ში აზბესტის შემცველობა გამოვლინდა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.

აზბესტი არის კანცეროგენი, რომელიც სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. იზორიას თქმით, ხუნდების შემთხვევაში, ავტომობილის დამუხრუჭების დროს აზბესტი განიცდის ცვეთას, რა დროსაც ჰაერში ნაწილაკები გამოიფრქვევა, შემდგომ კი ეს ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

„ჩვენმა ორგანიზაციამ და პლატფორმამ „არა აზბესტს – საქართველომ“ პალამენტს პატარა კვლევით მიმართეს, სადაც საუბარი იყო აზბსეტთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საკითხით პარლამენტი დაინტერესდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე გაგვეკეთებინა აქცენტები, კონკრეტულად ჩაგვეტარებინა კვლევები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ტრანსპორტის მიმართულებით, საგზაო უსაფრთხოების თემაზე, ამიტომ ჩვენი ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო სამუხრუჭე ხუნდებზე. აღმოჩნდა, რომ აზბესტი ქვეყანაში წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ამიტომ კვლევაში სხვა დარგების ექსპერტები ჩავრთეთ, რათა ეს სფერო უფრო ფართოდ მოგვეცვა.

მოგეხსენებათ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალია და ძირითადად, ეს გამოწვეულია ავტოტრანსპორტის სექტორიდან, ამაზე ბევრი კვლევაა ჩატარებული. გვინდოდა, აზბესტზეც ჩაგვეტარებინა ლაბორატორიული კვლევები.

შევიძინეთ 20 ლარზე უფრო დაბალი ღირებულების ხუნდები. რატომ არა მაღალფასიანი? – ამ შემთხვევაში ეტიკეტებზე ვნახეთ და გასაუბრებაც გვქონდა კომპანიებთან, რომ ესენია კერამიკული ხუნდები, რომელშიც შესაძლებელი იყო, დიდი ალბათობით არ ყოფილიყო აზბესტი.

ჩვენ 20 სხვადასხვა ფირმის, წარმოების სამუხრუჭე ხუნდი შევიძინეთ, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა ლაბორატორიული ექსპერტიზა. მივიღეთ ასეთი შედეგი: დააახლოებით 60 %-ში აღმოჩნდა აზბესტის შემცველობა. ვინაიდან აზბესტის არეალი ფართო იყო, ჩვენ დამატებით 15 სამშენებლო მასალის დეტალი მივიტანეთ და გავაკეთეთ ლაბორატორიული კვლევა. აქ უკვე 20 %-მდე აღმოჩნდა აზბესტის შემცველობა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2 ხუნდში, რომელზეც ეწერა, რომ აზბესტისგან იყო თავისუფალი, აღმოჩნდა აზბესტის შემცველობა. ასეთი ხუნდებისგან გამოფრქვეული ნაწილაკები მავნეა როგორც მძღოლისთვისა, ასევე გარშემომყოფებისთვისაც.
რატომ მაინცდამაინც სამუხრუჭე ხუნდები? ძალიან ბევრს ჰგონია, რომ აზბეტი, კი, სახიფათოა, მაგრამ , თუ მასზე ზემოქმედება არ ხორციელდება, სახიფათო არაა. სამურუჭე ხუნდების შემთხვევაში, ვიცით, რომ დამუხრუჭების დროს , აზბესტი განიცდის ცვეთას, ამ დროს ჰაერში გამოიფრქვევა ნაწილაკები, შემდეგ კი ეს ნაწილაკები დიდი ალბათობით, ადამიანის ორგანიზმში ხვდება . ის დამაბინძურებელია , კანცეროგენია, რომელიც იწვევს ფილტვის კიბოს და სხვა მძიმე დაავადებებს .
ჩვენ განზრახული გვაქვს მოვამზადოთ პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც კონკრეტული პრობლემები იქნება დასმული. მომზადდება დასკვნები, რეკომენდაციები აზბესტის პრობლემის შესახებ, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
ახლა დადასტურებულად ვიცით, რომ როგორც ხუნდებში, ასევე სამშენებლო მასალებში არის აზბესტის შემცველობა. ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს რეკომენდაციების ერთობლივი შემუშავება. ალბათ, 2-3 თვეში რეკომენდაციები და მთელი ეს პაკეტი მომზადებული იქნება ჩვენს მიერ“, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსნებთ, გასულ წელს ორგანიზაციამ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევისათვის, რომელიც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას ეხებოდა, დოკუმენტი მოამზადა.
დოკუმენტში განხილულია აზბესტის როლი ჰაერის დაბინძურებაში.

როგორც ირაკლი იზორიამ განაცხადა, საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია შეწყდა, თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება; მიუხედავად იმ მძიმე შედეგისა, რისი გამოწვევაც აზბესტს შეუძლია, მისი შემცველი პროდუქცია მაინც აქტიურად გამოიყენება.

„შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში აზბესტის შემცველი 110 ტონა საავტომობილო დეტალი შემოვიდა. აღნიშნული ნივთიერების მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან, უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან (სურათი 1) ხორციელდება, რომლებიც ისევ აწარმოებენ მას. კიბოს გამომწვევი ნივთიერება ასევე შემდეგი ქვეყნებიდანაც შემოდის: ჩინეთი, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი და სხვა“- წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს.
„არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში 2010-2015 წლებში სასუნთქი სისტემის სიმსივნეებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი გაზრდილია და იგი დაკავშირებულია აბზესტთან”, – წერია დოკუმენტში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები