მამუკა მდინარაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: ოპონენტები ცდილობენ თემით ისარგებლონ
როცა მსგავს საკითხზე იწყება საუბარი, ოპონენტები ცდილობენ, რომ თემები აწიონ მაღლა, პოლიტიკური სპეკულაციები მოაყოლონ და ამ თემით ისარგებლონ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მეუფე იაკობის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სკანდალურ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ და სიღრმისეულ შეფასებებს ვერ გააკეთებს.
“უნდა გამოვყოთ საკითხები, რომლებზეც ფრთხილად უნდა ვისაუბროთ. განსაკუთრებულ შეფასებებს და სიღრმეებში შესვლას არ დავიწყებ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ცუდი საქციელია, როცა მსგავს საკითხზე იწყება საუბარი, ოპონენტები ცდილობენ, რომ თემები აწიონ მაღლა, პოლიტიკური სპეკულაციები მოაყოლონ და ამ თემით ისარგებლონ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა “ქართული ოცნების” მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს მძიმე ბრალდები წაუყენა.
მეუფე იაკობმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა. მისი მტკიცებით, შეხვედრაზე პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას სთავაზობდნენ. ეპისკოპოსის თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.