ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დასრულდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იქნა განხილული მათ შორის, საუბარი შეეხო 24 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრების დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავების ფაქტსაც.
“დღევანდელი შეხვედრა დაეთმო ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროვოკაციულ აქტივობებს. პოზიცია უცვლელია. კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო გაიხსნას რაზეც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
რა თქმა უნდა, მკაცრად დადგა საკითხი საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებების შესახებ წნელისსა და ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში. ასევე, შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს, როდესაც რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობაში, რაც არის ძალიან საგანგაშო და აღმაშფოთებელი ფაქტია”,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.