მიქაუტაძე დოლიძეზე: კანონების ერთობლივი ანალიზით, საბჭოს წევრის პოლიტიკური აქტიურობა იკრძალება
„ანა დოლიძე არის საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საჯაროდ აკეთებს განცხადებებს“, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ არსებობს საბჭოს წევრი, რომლის საქმიანობაც შეიძლება იყოს შეუთავსებელი საბჭოს წევრობასთან. მეორე საკითხი არის მისი აქტიური პოლიტიკური როლი.
ანა დოლიძე არის ერთადერთი საბჭოს წევრი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხზე საჯაროდ აკეთებს განცხადებებს, იქნება ეს საარჩევნო თუ პოლიტიკური მიზეზი. ჩვენ გვყავს სხვა აქტიური წევრებიც, მაგალითად ნაზი ჯანეზაშვილი, თუმცა მის მიმართ არასდროს გვქონია მსგავსი დამოკიდებულება. ჩვენ მხოლოდ იმით ვხელმძღვანელობთ, რაც დიმიტრიმ წარმოადგინა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე განმარტებით, საბჭოს წევრებს აქტიურობის უფლება მხოლოდ სასამართლო საკითხებზე აქვთ.
„ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გავაკეთოთ შეფასებები და საჯარო განცხადებები, ეს არის ჩვენი მოვალეობა, მაგრამ კანონების ერთობლივი ანალიზით, საბჭოს წევრის პოლიტიკური აქტიურობა იკრძალება.
ჩვენი მოლოდინი არის მეტი საჯაროობა და თანაბარი დამოკიდებულება ყველა წევრისადმი. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რას საქმიანობენ საბჭოს წევრები და არის თუ არა მათი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში. სწორედ ამიტომ იყო ინიცირებული დიმიტრის მიერ ეს საკითხი“, – აღნიშნა საბჭოს მდივანმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილება შეწყვეტის შესახებ მიმართა.