ირაკლი სესიაშვილი ლუკ კოფის ინიციატივაზე: ოფიციალური შეთავაზება ამ თემაზე არ არის

“ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა და ოფიციალური შეთავაზება ამ თემაზე არ არის“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველისა და აშშ-ის არმიის ვეტერანის, ლუკ კოფის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, სადაც ის სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის.
“ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა, ის წარმოადგენს ექსპერტს, ამაზე რაიმე ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ამიტომ უხერხული იქნება ჩემი მხრიდან მის ერთგვარ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვართ ჩვენი ამერიკელი და ნატო-ს ქვეყნების ძირითადი პარტნიორები, ვმუშაობთ ერთად, თუ რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტია, აქაც ერთობლივად ვმუშაობთ შესაბამის პროექტებზე, ამიტომ, არ მგონია, მის ამ ექსპერტულ მოსაზრებას ჩემი მხრიდან რამე კომენტარი სჭირდებოდეს“, – აღნიშნა სესიაშვილმა. სესიაშვილის თქმით, ამ ბოლო დროს ბევრი ექსპერტი აკეთებს განცხადებებს, აცნობს თავის მოსაზრებებს საზოგადოებას, ეს ნორმალური პროცესია. “თუ“-ებით ნუ ვილაპარაკებთ. ამ ბოლო დროს ბევრი ექსპერტი აკეთებს განცხადებებს, აცნობს თავის მოსაზრებებს საზოგადოებას, ეს ნორმალური პროცესია, როცა ექსპერტია. შეიძლება, მას ჰქონდეს საკუთარი ხედვა, სამოქალაქო საზოგადოებას, ექსპერტებსაც აკადემიურ წრეებსაც შეუძლიათ, ამაზე იმსჯელონ, მაგრამ როცა საქმე ეხება არაოფიციალურ წინადადებას, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარი არ მგონია, სწორი იყოს, თუმცა თავისუფლად შემიძლია, შევიდე ნებისმიერ ექსპერტთან დისკუსიაში ამ თემაზე. ოფიციალური შეთავაზება, შემიძლია გითხრათ, ამ თემაზე არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები