ნინო გოგუაძე: სირიიდან საქართველოში ამერიკული ჯარის გადმოყვანის საკითხი ქვეყნებს შორის ოფიციალურად არ განხილულა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, სირიიდან საქართველოში ამერიკული ჯარის გადმოყვანის საკითხი ქვეყნებს შორის ოფიციალურად არ განხილულა.

ამის შესახებ გოგუაძემ „ჰერითიჯის ფონდის” მკვლევარის ლუკ კოფის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. კოფი სოციალურ ქსელში გამოვიდა ინიციატივით, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად რეაგირებისთვის.

ნინო გოგუაძეს ლუკ კოფის მოსაზრებებს მისი გულშემატკივრობის პოზიციიდან განვიხილავს, მაგრამ თვლის, რომ ეს არის ექსპერტის პოზიცია.

„საქართველოს ჰყავს საკმაოდ ბევრი მეგობარი ექსპერტი, რომელიც დროდადრო აკეთებს განცხადებას. ისინი ყოველთვის ცდილობენ, გზები მოძებნონ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტია. ამ შემთხვევაში ექსპერტის განცხადებას, როგორც მის პირად მოსაზრებას ასე განვიხილავთ. შეუძლებელია, ამ ეტაპზე სხვაგვარად შეფასდეს. ეს არ არის ჯერ საკითხი, რომელიც ოფიციალურ დონეზე რაიმე განხილვის საგანი ყოფილიყო. ამიტომ, შეუძლებელია, ამ ეტაპზე უფრო მეტი შეფასება მისცე ექსპერტის კომენტარს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს.

ეს საკითხი ქვეყნებს შორის ოფიციალურ დონეზე არ არის განხილვის თემა. ლუკ კოფის მოსაზრებებს მისი გულშემატკივრობის პოზიციიდან განვიხილავ, მაგრამ ეს არის ექსპერტის პოზიცია. საქართველოს ინტერესში არის, რომ ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტად დაცული იყოს, გახდეს ნატო-ს წევრი და საქართველო მიისწრაფის ამისთვის. რა თქმა უნდა, ვეძებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველო იყოს მეტად დაცული ქვეყანა, ნებისმიერი აგრესიისგან“, – განაცხადა გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები